Thursday, June 24, 2010

ანიმაციური ფილმი გურულებზე

ანიმაციური ფილმი გურულ ფირალებზე აკა მორჩილაძის სცენარით
10:28 12.12.2008
[ბელა ჩეკურიშვილი, ”ვერსია”]
დღეს ქართული ანიმაცია ისევე, როგორც კინო, ორიენტირებს ეძებს. ბოლო პერიოდში, რამდენიმე დამოუკიდებელი სტუდიაც შეიქმნა, რომელთაგან “მი-ფა-სი”-მ ფილმების გამოშვება უკვე შეძლო.

ბოლო წლებში, თუკი რაიმე ანიმაციური ფილმი გაკეთებულა, ამ საქმეში ეროვნული კინოცენტრის წვლილიც დევს. 2005 წელს, რვაწლიანი ტანჯვის შემდეგ, რატი ნანეიშვილმა დაასრულა ”მგლის აღსარება”, ხოლო ბონდო შოშიტაიშვილმა - ”განხეთქილების ვაშლი”. შარშან, კინოცენტრის დახმარებით, სამი ანიმაციური ფილმი დასრულდა: გოგიტა ჭყონიას «დავიწყებული დღიურები», რეზო გვარლიანის ”უნიჭო ობობა” და ირაკლი მახარაძის ”მოგზაურობა ისტორიაში”. წელს ამ ჩამონათვალს დათო სიხარულიძის 26-წუთიანი ფილმი ”გავარდნილები” შეემატა.

”გავარდნილების” გადაღებას 3 წელი დასჭირდა. კინოცენტრის გარდა, მის წარმოებაზე სხვადასხვა პროდიუსერები ზრუნავდნენ. დათო სიხარულიძე იმ თაობის მულტიპლიკატორია, რომელმაც «ქართულ ფილმში» თავისი სიტყვის თქმა, ასე თუ ისე, მოასწრო. მას მაყურებელი კარგად იცნობს ფილმებით: ”ბაბაჯანა”, ”ბატი ტასიკო”, ”ჭირი” და სატელევიზიო სერიალებით ”ყოჩაღები”, ”კვაჭი კვაჭანტირაძე”.

დავით სიხარულიძე თვლის, რომ კარგი რეჟისორი და კარგი მხატვარი დღესაც გააკეთებს კარგ ფილმს. უცხოური ფილმების მიბაძვით გადაღებული ანიმაციები კი არც საქართველოში სჭირდება ვინმეს და არც - უცხოეთში. ”პირქსარიდან” დაკოპირებული ფილმის გაკეთებას ისევ ქართული ”ბაღლანჯოს” გაკეთება სჯობს”, - ამბობს დათო სიხარულიძე.

რაც შეეხება მულტფილმს ”გავარდნილები”, მას საფუძვლად უდევს აკა მორჩილაძის ნარკვევი ”ცეცხლისმფრქვეველი”, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჟურნალ ”მე-20 საუკუნეში” დაიბეჭდა. ესაა ფილმი გურიასა და გურულ ფირალებზე, როცა მე-20 საუკუნის 20-იან წლებში კომისრები ჩადიოდნენ გურიაში მის ”გასაწითლებლად”, რასაც ხალხის რბევა და აწიოკება მოსდევდა.

როგორც ფილმის დასაწყისში გვამცნობენ, მოქმედება ხდება 1923-24 წლებში, მოსკოვში, ოზურგეთში, პარიზსა და ჯოჯოხეთში.

დათო სიხარულიძე: ”ესაა სამგანზომილებიანი ანიმაცია, საინტერესო გახმოვანებით. ხმის რეჟისორია მადონა თევზაძე, ხოლო ახმოვანებენ მსახიობები: ზაზა პაპუაშვილი, რევაზ თავართქილაძე, ზურაბ შევარდნაძე, თეიმურაზ ნინიძე. დამდგმელი მხატვარია მამუკა დიდებაშვილი. მხატვარს დიდხანს ვეძებდი, მშრალ ხიდზე, გამოფენებზე... არ მინდოდა, ძალიან პირობითი გმირები გამეკეთებინა, ცალი თვალი რომ არა აქვთ, ანდა - ცალი ფეხი. რეალური გმირები მინდოდა. მერე ვნახე, მამუკას ერთი თემა ჰქონდა კახელ ყაჩაღებზე და მომეწონა. მან გააკეთა ტიპაჟებისა და ანტურაჟის ესკიზები.

კომპიუტერული ანიმაციის დროსაც იგივე პრინციპები მოქმედებს, რაც ნამდვილ გადასაღებ მოედანზე: ესკიზებიდან შეიქმნა ვირტუალური თოჯინები და როგორც ნამდვილ თოჯინას აქვს ძვლები, ტანსაცმელი, ფაქტურა, კანის ფერი, იგივე სჭირდება ვირტუალურსაც. ახლა სამგანზომილებიან ანიმაციასაც ლანძღავენ, მაგრამ სწორად თუ გამოიყენებ, აქაც შეიძლება კარგი ეფექტის მიღწევა. კომპიუტერმა მუშაობა ბევრად გააიოლა. მართალია, ფირზე დღესაც იღებენ, მაგრამ ეს სიამოვნება ძალიან ძვირია. თანაც, ”ქართული ფილმის” მულტიპლიკაციური სტუდია აღარ არსებობს”.

”გავარდნილები” გურიაში მომხდარ ისტორიულ ფაქტებზეა აგებული: როგორ მოკლა გოგია ღლონტმა წითელი კომისარი საშა ობოლაძე და როგორ გაიქცა საქართველოდან პარიზში. საშა ობოლაძეს ლენინისგან მედლის მიღება უნდოდა. ადამიანს როცა ძალიან უნდა რაღაც, მას ღმერთი აუცილებლად აძლევს. საშა ობოლაძე ლენინს საიქიოში ხვდება. გოგიას კი პარიზში უნდოდა და წავიდა კიდეც. ფილმის მორალი ასეთია: რასაც გულით მოინდომებ, მიაღწევ, მოგცემს ღმერთი, მაგრამ სწორად უნდა გინდოდეს, რომ მერე არ ინანო. საშა ობოლაძე ჯოჯოხეთში ლენინის მარადიულ სამსახურში რჩება, ხოლო გოგია ღლონტს ნოსტალგია ჭამს და ”ფოლიბერჟერის” კაფეში ”ციცებით” გარშემორტყმული, სევდიანად კითხულობს: ”ნეტავ რა ხდება ახლა გურიაში?” გურიაში კი ისევ იგივე ამბავია - ცეცხლი, სროლა, აურზაური, დაბნეული ხალხი და ეს დღემდე ასე გრძელდება.

ფილმი ”გავარდნილები” აგვისტოში დამთავრდა და მისი პრემიერა ჯერ არ შემდგარა. ფილმით ჯერ არც ტელევიზიები დაინტერესებულან და არც კინოცენტრს უზრუნია საკუთარი პროდუქტის პოპულარიზაციაზე.

2 comments:

  1. Online Casino Site | Boeg Casino
    Boeg Casino is a fully licensed online casino that is choegocasino owned and operated by the Casino Management Group and หารายได้เสริม the Malta Gaming Authority. The casino offers 제왕 카지노 an

    ReplyDelete
  2. Best Online Casino Sites in USA – Play Slots for Real Money!
    Play Slots Online for Real Money 카지노사이트luckclub - No Download needed & Safe Casinos USA. Check out our list of the best online slots & casinos to play Slots for Real money.

    ReplyDelete