Tuesday, June 22, 2010

სპეცეფექტები,მიზანსცენები და ციფრული მულტიპლიკაცია


სპეცეფექტები, მიზანსცენები და ციფრული მულტიპლიკაცია

სპეცეფექტების და ციფრული მულტიპლიკაციის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში სწავლება თანამედროვე კინემატოგრაფიის განვითარებისათვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, რაც კომპიუტერული გრაფიკის გარეშე წარმოუდგენელია, რადგან თანამედროვე რთული და ხარისხიანი სპეცეფექტების შექმნა მხოლოდ კომპიუტერითაა შესაძლებელი.

თანამედროვე კინო, სპეცეფექტები, მოდელები, ვირტუალური მიზანსცენები და ციფრული მულტიპლიკაცია კომპიუტერული გრაფიკის ორგანული ნაწილია.

დღესდღეობით საქართველოში კომპიუტერული გრაფიკის ფაკულტეტი არ არსებობს, არის მულტიმედიის ფაკულტეტი, სადაც მხოლოდ გრაფიკული პაკეტების შესწავლაა შესაძლებელი, კონკრეტულ დარგთან მიბმული სწავლება კი არ არსებობს. რასაკვირველია, ასეთ პირობებში შეუძლებელია ზემოხსენებული საკითხების გადაწყვეტა.

კომპიუტერული გრაფიკის სპეცეფექტების დარგში სამომავლოდ დაისახება შემდეგი საკითხები:

1) თანამედროვე კომპიუტერული გრაფიკის ისტორია და საფუძვლები;
2) ციფრული მოდელირება და განათება;
3) ანიმაცია და დიზაინი;
4) სცენური კომპოზიცია;
5) პერსონაჟები;
6) ფილმის პრომოუშენი;
7) ციფრული სკანერის გამოყენება;
8) მსახიობთა პოზირება სკანერის საშუალებით;
9) ვიზუალური ეფექტები ფილმისათვის;
10) მონტაჟი.

სალექციო კურსის პირველი ნაწილი ეთმობა გრაფიკულ პაკეტს – 3დ მაქსს. პირველ სემესტრში სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ მოდელირება და განათება. მოდელირება საშუალებას მისცემს მათ ააგონ ფილმისათვის საჭირო მიზანსცენები უზუსტესი გეომეტრიით, ასევე ააგონ პერსონაჟთა ფიგურები.

თანამედროვე კინოში აუცილებელია რეალისტური სცენების შექმნა ზუსტი მოდელირებით, სადაც მოქმედების განვითარება და მისი შერწყმა გარემოსთან ბუნებრივად მოხდება. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს კინოინდუსტრიაში. სცენარიდან გამომდინარე, სტუდენტები დაიტვირთებიან დავალებებით, რაც მოგვცემს ცოდნის სრული ციკლის დასრულების შესაძლებლობას ამ მიმართულებით. სტუდენტებმა იგი აუცილებად უნდა ნახონ პრაქტიკაში, რომელსაც, რასაკვირველია, შესაბამისი მატერიალური ბაზა სჭირდება. ჩვენ თუ დავნერგავთ ამ საბაზო შესაძლებლობებს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, ეს სტუდენტების მოზიდვის ეფექტიანი გადაწყვეტა იქნება.

სამონტაჟო საშუალებები არ წარმოადგენს ამ დარგის სრულ სახეს. აღნიშნულ საკითხშიც საჭიროა რამდენიმე ცნობილი გრაფიკული პაკეტის დანერგვა, რის საშუალებითაც მოხდება სპეცეფექტის სრული შესაძლებლობების გამოხატვა ფილმში. ამ პროგამების სწავლება უნდა მოხდეს ინდივიდუალურად.

აღნიშნული პროგამული პაკეტების საშუალებით სტუდენტებს მიეცემათ საშუალება სრულყოფილად დადგან მიზანსცენა ფილმში და ნებისმიერი სახის სპეცეფექტი შექმნან. ამ საკითხებს სალექციო კურსის მეორე ნაწილი დაეთმობა (ფაკულტეტის შემთხვევაში მათი შესწავლა მოხდება პარალელურად).

სასწავლო პროგრამა

ანიმაცია და ვიზუალური ეფექტები - სტუდენტები შეისწავლიან კომპიუტერული ანიმაციის ხელოვნებას როგორც ვიზუალური გამოხატვის საშუალებას. მის შემადგენლობაში შევა ისეთი საგნები, როგორიცაა მოძრაობა, ნახატი, პერსონაჟის შექმნა, კადრირება, განათება და რეჟისურა.

სამსახიობო პროფესია კინოსა და ტელევიზიისათვის - სტუდენტები გაივლიან პროფესიულ სამსახიობო ოსტატობას კინოსტუდიისა და ტელევიზიის ატმოსფეროში; დაეუფლებიან ხმისა და სხეულის მაქსიმალურად ვიზუალურ გამოხატვას, კლასიკურ მულტიპლიკაციას. სტუდენტები შეისწავლიან მულტიპლიკაციური ფილმის შექმნის პროცესს კონცეფციიდან სრულყოფილ პროდუქციამდე. პროგრამაში შევა ისეთი საკითხები, როგორიცაა ანიმაციური ტექნიკის საფუძვლები, კადრირება, ფონოგრამა და პერსონაჟთა შექმნა, მათი ციფრული ანიმაცია (შესაძლებელია იგივე პროგრამა შევიმუშაოთ იმ კურსდამთავრებულთათვის, ვისაც სამუშაო სტაჟი აქვს (ეს იქნება 6-თვიანი კურსები). ყოველივე ზემოაღნიშნული დაეხმარებათ დაინტერესებულ პირებს შემოქმედებითი შესაძლებლობების გაფართოებაში. აქ გაერთიანდება სასცენარო და კლასიკური მულტიპლიკაციის ხელოვნება, თანამედროვე კომპიუტერული ბაზის გამოყენებით.

ციფრული დიზაინი _ სტუდენტები შეისწავლიან, თუ როგორ უნდა შექმნან ნაწარმოები, რომელსაც ექნება გარკვეული ინფორმაციული დატვირთა რეალური ვიდეოსა და ფლეშის გამოყენებით; სტუდენტებს ექნებათ ისეთი კომერციული პროექტების რეალიზების შესაძლებლობა, როგორიცაა ტელერეკლამა, სავაჭრო მარკის ვიზუალიზაცია ანუ პრომო მუსიკალური კლიპები და ვებრეკლამა.

კომერციული ანიმაციური სტუდიების მართვა _ აქ სტუდენტები გაივლიან სამუშაო პროცესს კინოტელესაესტრადო მსახიობებთან, ვიდეოთამაშების შემქმნელებთან. ისინი დაეუფლებიან მათთან ინფორმაციის გადაცემის ხელოვნებას, ანიმაციური სტუდიების საფუძვლებს და მართვის ხელოვნებას. ვიდეოთამაშების შექმნისას სტუდენტები შეისწავლიან თამაშების შექმნის ყველა ასპექტს, თამაშების ვიზუალური სცენარის გადაწყვეტას, თამაშების დიზაინს თავისი მიზანსცენებით.
კურსის გავლის შემდეგ მათ დამოუკიდებლად უნდა შეძლონ ხარისხიანი კომპიუტერული თამაშების შექმნა.

გრიმიორის ხელოვნება - კინოსა და ტელევიზიის სტუდენტები სპეცეფეტებში შეისწავლიან ანიმაციურ სტუდიაში მსახიობთა მოქმედების კანონებსა და წესებს, ციფრული სკანერის გამოყენებას სამსახიობო ხელოვნებაში, გრიმიორის ხელოვნებას კომპიუტერულ გრაფიკაში.

ხმის დიზაინი - საინფორმაციო სარეკლამო კინოჟანრში სტუდენტები გაივლიან ხმისა და გამოსახულების შერწყმის საფუძვლებს, მონტაჟის ტექნოლოგიურ მეთოდებს, ხმოვანი ეფექტების შესაქმნელად – ფონურ გახმოვანებას და მუსიკალურ სინქრონს კინოში, მულტიპლიკაციასა და ვიდეოთამაშებში.

ეს საბაზო კურსები საშუალებას მისცემს ნაკლებად გამოცდილ და მიზანმიმართულ სტუდენტებს – მიიღონ აუცილებელი თეორიული და პრაქტიკული მომზადება თანამედროვე კინოს ანიმაციურ და ციფრულ ტექნოლოგიებში; შეძლონ სპეცეფექტების სცენარისა და მიზანსცენების შექმნა, ციფრული ხასიათის მართვა და შექმნა სკანერის გამოყენებით, ანიმაციური სარეკლამო რგოლის შექმნა ფილმისათვის და ანიმაციური და მულტიპიკაციური ფილმის შექმნა ტელევიზიისათვის; ხმოვანი სპეცეფექტებისა და ფილმის დიზაინის შექმნა, შეეძლოთ მართვის მარკეტინგი კომპიუტერული გრაფიკის სფეროში. ასეთი სახით მიზანმიმართული სწავლების დაწყება აუცილებლად მიმაჩნია საქართველოში, რადგან ამ დარგისადმი დიდი მოთხოვნაა. სამწუხაროდ, დღეს არ არსებობს ასეთი კომპლექსური სწავლების არც პროგრამა და არც რამე საფუძველი. აღწერილი საბაზო დარგის ამ სახით შექმნა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თანამედროვე კინოს სახვითი საშუალებების სწავლებაში და შემდგომ, ბუნებრივია, ტელევიზიისა და მულტიპლიკაციური ხელოვნების განვითარებაში.






No comments:

Post a Comment